დაკავება ტრეფიკინგის ბრალდებით

12:26, 03.11.2026

თბილისში, არასრულწლოვნით ვაჭრობის, ფიზიკური ძალადობის, ფსიქოლოგიური ზეწოლის და მუქარის ბრალდებით ორი მოქალაქე დააკავეს. ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა გენერალურ პროკურატურასთან ერთად, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ტრეფიკინგის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ბავშვის მშობელი და მისი თანამზრახველი დააკავეს. მოპოვებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ ბრალდებულებმა მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, შეიმუშავეს ტრეფიკინგის გეგმა, რომლის განხორციელებაშიც ერთ-ერთი დაკავებულის არასრულწლოვანი შვილი ჩართეს. ბრალდებულები, არასრულწლოვანს ფიზიკური ძალადობით, ფსიქოლოგიური ზეწოლითა და ძალადობის მუქარით მოწყალების თხოვნასა და დღიურად 100 ლარის შეგროვებას აიძულებდნენ, მიღებულ თანხას კი თავად ისაკუთრებდნენ. იმ შემთხვევაში, თუ არასრულწლოვანი აღნიშნული თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, ბრალდებულები მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ. ამ ეტაპზე დაზარალებული არასრულწლოვანი სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს სერვისცენტრშია განთავსებული. მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. დაკავებულებს კი 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ელოდებათ.

მსგავსი