საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობის ფაქტზე საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს. საქმე ეხება თაღლითობის მცდელობას, კერძოდ, საქართველოში ბინადრობის ნებართვის მოპოვების უზრუნველყოფის სანაცვლოდ, უცხო ქვეყნის მოქალაქისგან, დიდი ოდენობით ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლების მცდელობის ფაქტს. გამოძიების ფარგლებში, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, განხორციელდა ფარული საგამოძიებო მოქმედებები, რის შედეგადაც მოპოვებულია აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის ამსახველი აუდიო/ვიდეო მტკიცებულებები. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახით ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.