დაკავება თაღლითობის ბრალდებით

შინაგან საქმეთა სამინისტრო თბილისის კლუბებში ტურისტებისგან დიდი ოდენობით თანხების დაუფლების თაღლითური სქემის გახსნაზე ინფორმაციას ავრცელებს. ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრობის ბრალდებით დაკავებულია 13 პირი. გამოძიების ცნობით, ბრალდებულები ტურისტებს მოტყუებით, მუქარით, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლით, იძულებით ახდევინებდნენ შეკვეთილი მომსახურების შეუსაბამო, არარეალურ, დიდ თანხებს. მათი დანაშაულებრივი ქმედებით კი სერიოზულად ილახებოდა საქართველოს, როგორც ტურისტული ქვეყნის იმიჯი და ქვეყანაში არსებული უსაფრთხო გარემოს რეპუტაცია.

მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებულებს შორის არიან სომხეთის მოქალაქეებიც. დაკავებულ 13 პირს ბრალად ედება ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.