დაკავება დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერებების ქონის ფაქტზე

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერებები – 12 კილოგრამამდე მარიხუანა და 2 კილოგრამი ჰაშიში აღმოაჩინეს. სამართალდამრღვევ მოქალაქეს სამგზავრო ჩანთაში ნარკოტიკული ნივთიერება 34 შეკვრად დაფასოებულ ჰერმეტულ შეფუთვებში ჰქონდა განთავსებული, ხოლო ამოღებული ჰაშიშის რაოდენობამ 20 შეფუთვა შეადგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოსა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით დიდი ბრიტანეთის მოქალაქე დააკავეს.

მას ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვაში, ნარკოტიკული საშუალება მარიხუანას უკანონო შეძენა-შენახვასა და საქართველოში უკანონოდ შემოტანაში ედება. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.