დაძაბულობა სერბეთ-კოსოვოს შორის

ჩრდილოეთ კოსოვოში მცხოვრები ეთნიკური სერბები ავტომობილის სანომრე ნიშნებთან დაკავშირებული უთანხმოების გამო, სახელმწიფო უწყებებში თანამდებობებს ტოვებენ. კოსოვოს ხელმძღვანელობამ მანამდე 10 ათასამდე ეთნიკურ სერბს სერბეთის მიერ გაცემული სანომრე ნიშნების შეცვლა მოსთხოვა. კოსოვოს ადმინისტრაცია ითხოვს, რომ სერბებმა კოსოვოს მიერ გაცემული ნიშნები ატარონ. სერბებმა ასევე მოითხოვეს სერბული მუნიციპალიტეტების გაერთიანების შექმნა, რომელიც სერბებით დასახლებულ რაიონებს მეტ ავტონომიას მიანიჭებდა. სერბების გადაწყვეტილებამ, ევროკავშირის შეშფოთება გამოიწვია, რომელიც მხარეებს შორის მოლაპარაკებებში შუამავლის როლს ასრულებს. ბრიუსელში აცხადებენ, რომ კოსოვოს ინსტიტუტებიდან სერბების წასვლა არსებული დავის გადაწყვეტას არ ნიშნავს და დაძაბულობის შემდგომი ესკალაციის რისკებს აჩენს. ევროკავშირმა კოსოვოს მოუწოდა, სასწრაფოდ გაახანგრძლივოს მანქანების ხელახალი რეგისტრაციის პროცესი.