დაძაბული ვითარება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობა კვლავ უკიდურესად დაიძაბა.

მხარეები ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო მთიან ყარაბაღში რამდენიმე სიმაღლეზე კონტროლის აღების შესახებ ავრცელებს ცნობას. უწყების განცხადებით, ოპერაცია „ანგარიშსწორების“ ფარგლებში, აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა ყარაბაღის ქედის გასწვრივ აიღეს გირჰგიზისა და სარიბაბას სიმაღლეები. სამინისტროს ცნობით, ოპერაციის ფარგლებში განადგურებულია სომხური შეიარაღებული ფორმირებების რამდენიმე პოზიცია. სამხედრო ნაწილზე განხორციელდა ავიაიერიში, რის შედეგად განადგურდა და დაშავდა ცოცხალი ძალა, ასევე რამდენიმე „ჰაუბიცა“, სამხედრო სატრანსპორტო საშუალებები და დიდი ოდენობით საბრძოლო მასალა. სომხური მხარე ორი დაღუპულისა და 19 დაშავებულის შესახებ იუწყება. სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში მიიჩნევენ, რომ აზერბაიჯანული მხარე ცდილობს, ცალმხრივად შეცვალოს ლაჩინის დერეფნის სამართლებრივი რეჟიმი და მოუწოდებს აზერბაიჯანს, შეასრულოს 9 ნოემბრის შეთანხმებით აღებული ვალდებულებები. ბაქოში კი აცხადებენ, რომ სამმხრივი შეთანხმების მიუხედავად, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, იქ სადაც რუსეთის ფედერაციის სამშვიდობოები არიან განლაგებული, სომხეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებისა და სომხური არალეგალური შეიარაღებული ფორმირებების არსებობა საფრთხეს წარმოადგენს, აუცილებელია ამ ტერიტორიების დელიმიტაცია და იქიდან სომხური ჯარების სრული გაყვანა.