დაძაბული სამხედრო და პოლიტიკური ვითარება უკრაინაში

ახალი ომის თავიდან ასაცილებლად დიპლომატიური ძალისხმევა კიდევ უფრო აქტიურდება.

არაერთი მსოფლიო ლიდერის ვიზიტის შემდეგ კიევში დღეს გერმანიის კანცლერი ჩავიდა. უკრაინაზე თავდასხმის შემთხვევაში ბერლინი მოსკოვს რუსეთისთვის სერიოზული შედეგების დადგომაზე აფრთხილებს. კიევი კი ბერლინისგან დაცვის იურიდიულ გარანტიებს ითხოვს. საკმაოდ მკაფიო და მძიმე განცხადებებს, რომლებიც ვოლოდიმერ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ გაკეთდა, ვლადიმერ პუტინი ხვალ პირადად მოისმენს. გერმანიის კანცლერი კიევიდან პირდაპირ მოსკოვში მიდის. შოლცის მთავარი გზავნილია, რომ რუსეთმა და უკრაინამ სიტუაციის დეესკალაციისთვის პირდაპირი მოლაპარაკებები დაიწყონ. ომის ზღვარზე მყოფ უკრაინაში დღის წესრიგის კიდევ ერთი მთავარი თემა ხდება დიდ ბრიტანეთში უკრაინის ელჩის განცხადება, რის გამოც ოფიციალურ კიევს არაერთი განმარტების გაკეთება უწევს. მაშინ, როცა მოსკოვი დასავლეთს აღმოსავლეთით ნატოს გაფართოების გამოსარიცხად იურიდიულ გარანტიებს სთხოვს, უკრაინის ელჩი არ გამორიცხავს, რომ გაზრდილი საფრთხეების გამო მისმა ქვეყანამ ალიანსში გაწევრიანებაზე უარი თქვას.