საქართველოს თავდაცვის მინისტრი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ ყოველწლიურ ღონისძიებას დაესწრო. ირაკლი ჩიქოვანმა თავდაცვის სამინისტროსა და ფონდის მხარდაჭერით დაჭრილ-დაშავებული სამხედროებისთვის გაწეულ მხარდაჭერაზე ისაუბრა. „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდი” 2018 წლიდან ფუნქციონირებს. მისი მთავარი მიზანი სხვადასხვა საბრძოლო მოქმედებასა თუ საერთაშორისო მისიაში დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეებსა და ვეტერანებზე ზრუნვაა. საქველმოქმედო ღონისძიების ფარგლებში თავდაცვის მინისტრის მოადგილემ და ფონდის გენერალურმა დირექტორმა დაჭრილ-დაშავებული სამხედროებისა და მათი ოჯახის წევრების მხარდაჭერის მიზნით ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომელიც ურთიერთთანამშრომლობასა და პარიტეტულ საწყისზე თანადაფინანსებას ითვალისწინებს. ღონისძიებას თავდაცვის უწყების წარმომადგენლებთან და ვეტერანებთან ერთად ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ძირითადი ჯგუფის ლიდერი, აემალ ბაჰადური, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ელჩები და სამხედრო ატაშეები, ბიზნესისა და საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრნენ.