დაჭრილ-დაშავებული სამხედროების კვირეული ოფიციალურად გაიხსნა. დაჭრილი მებრძოლების დღისადმი მიძღვნილი კვირეულის გახსნის ღონისძიება მარო მაყაშვილის სახელობის სარეაბილიტაციო ცენტრში გაიმართა. ღონისძიებაზე შეკრებილ სტუმრებს სიტყვით მიმართა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა და ქვეყნის წინაშე დაჭრილ-დაშავებული სამხედროების დამსახურებაზე ისაუბრა. დაჭრილი მებრძოლებს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა გიორგი მათიაშვილმა მიმართა. დაჭრილმა მებრძოლებმა სტუმრებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრის ტერიტორიაზე ველორბოლასა და მშვილდოსნობაში საჩვენებელი შეჯიბრებებიც გამართეს. კვირეულის ფარგლებში, დაჭრილ-დაშავებული სამხედროები 9 ინდივიდუალურ და 2 გუნდურ სპორტულ შეჯიბრებაში მიიღებენ მონაწილეობას. დაჭრილი სამხედროები საკუთარ ფიზიკურ შესაძლებლობებს გამოცდიან კალათბურთში, ფრენბურთში, მშვილდოსნობაში, ცურვაში, მაგიდის ჩოგბურთსა და პარასპორტის სხვადასხვა სახეობაში. ღონისძიებების ფარგლებში, დაჭრილი სამხედროებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის ღია კარის დღეც გაიმართება.