დაანონსებული რევოლუცია და „მშვიდობიანი დამხობა“
იკვეთება თუ არა რაიმე კავშირი ე.წ. ჰექსოგენის საქმესა და თბილისში 4 ოქტომბრისთვის დაანონსებულ აქციას შორის – გამოძიება ამ მიმართულებითაც მიმდინარეობს.
მუნიციპალური არჩევნების დღეს დაგეგმილი შეკრებისთვის მზადება სულ უფრო აქტიურდება. წინასწარ პატიმრობაში მყოფ ლევან ხაბეიშვილს, რომელიც ხელისუფლების მშვიდობიანი დამხობის მოწოდებებით გამოირჩეოდა, საჯაროდ ქრთამის შეთავაზების გარდა ხელისუფლების ძალადობრივი დამხობისკენ მოწოდებებს ედავებიან. ციხეში მყოფმა პოლიტიკოსმა დღეს მორიგი მიმართვა გაავრცელა, სადაც შეურაცხმყოფელი ეპითეტების ადრესატები ცალკეული ოპოზიციონერი ლიდერებიც არიან. ფაქტია, რომ პაატა ბურჭულაძის მოძრაობა „რუსთაველის გამზირთან“ ერთად 4 ოქტომბრის შეკრების ორგანიზატორი „ნაციონალური მოძრაობაცაა“, რომლის ლიდერები დაგეგმილ აქციაზე საკმაოდ დიდ იმედებს ამყარებენ და ხაბეიშვილის მოწოდებებს იმეორებენ. განსხვავებით არჩევნების ბოიკოტის მომხრე სხვა პოლიტიკური ძალებისგან, რომლებიც მანამდე 13 სექტემბრის აქციაზე აკეთებდნენ აქცენტს. საკუთარი დღის წესრიგი აქვთ თვითმმართველობის არჩევნების მონაწილე პარტიებსაც. შესაბამისად, გაურკვეველია, ვინ შეუერთდება არჩევნების დღეს დაანონსებულ საპროტესტო შეკრებას ოპოზიციური ფლანგიდან.