თავდაცვის კომიტეტზე „თავდაცვის კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებები პირველი მოსმენით განიხილეს და მხარი დაუჭირეს. ერთ-ერთი სიახლეა ის, რომ წვევამდელის გამოძახება როგორც უწყების ჩაბარებით, ასევე კომუნიკაციის სხვა საშუალებებით – მათ შორის მოკლე ტექსტური შეტყობინებით განხორციელდება. ამასთან, კანონის პროექტის მიხედვით, მთავრობის დადგენილებით განისაზღვრება პირის ოჯახის წევრები, რომლებსაც შეიძლება, რომ შეტყობინება ან უწყება ჩაბარდეს.
გარდა ამისა, თავდაცვის ძალებში სამსახურის გავლასთან დაკავშირებული რიგი საკითხები ახლებურად დარეგულირდება. ცვლილების მიხედვით, პროფესიულ სამხედრო სამსახურში მყოფი პირი, მის მიერ კონტრაქტის შეწყვეტის შემთხვევაში, ავტომატურად იქნება გადაყვანილი 8-თვიან წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში, თუ მას არ აქვს გაწვევისგან გათავისუფლების ან გადავადების უფლება, ასევე მძიმე ოჯახური მდგომარეობა, რაც შესაბამისი დოკუმენტებით უნდა დასტურდებოდეს.
სამხედრო სამსახურიდან წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გადაყვანილ პირს, კონტრაქტის დარღვევის გამო, ჯარიმის გადახდის ვალდებულება 8 თვის ვადით გადაუვადდება, ხოლო სამსახურის დასრულების შემდეგ, ჯარიმის გადახდის ვალდებულება საერთოდ შეუწყდება.