პარლამენტმა მაუწყებლობის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს მხარი მეორე მოსმენით დაუჭირა. მედიასთან დაკავშირებული ორი საკანონმდებლო პაკეტიდან ერთი ქართულ მედიაში ბრიტანული მოდელისა და BBC-ის სტანდარტების დანერგვას ეხება. „ქართული ოცნების“ განცხადებით, ამ ცვლილებებით მედიის ობიექტურობისა და ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტები დადგინდება და კანონის დაცვის ინსტიტუციური მექანიზმი განისაზღვრება. რაც იმას ნიშნავს, რომ აქამდე თვითრეგულირების ფარგლებში მოქცეული საკითხების განხილვის უფლება კომუნიკაციების კომისიას მიენიჭება და საჭიროების შემთხვევაში, პროცესში სასამართლოც ჩაერევა. თუ კონკრეტული პირი, რომელიმე ტელევიზიის ან რადიოს წინააღმდეგ კომუნიკაციების კომისიას განცხადებით მიმართავს, კომისია საკითხს განიხილავს და კანონდარღვევის შემთხვევაში, პირველ ეტაპზე მედიასაშუალებას გააფრთხილებს, დარღვევის განმეორების შემთხვევაში, დააჯარიმებს და საბოლოოდ არ არის გამორიცხული, სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქმე ავტორიზაციის შეჩერებამდეც მივიდეს. ჯარიმის ოდენობებს კომუნიკაციების კომისია ინდივიდუალურად დაადგენს.
ცვლილებების მეორე პაკეტი მედიის დაფინანსებას ეხება, რომლის მიხედვითაც, მედიასაშუალებებს უცხოური ძალისგან პირდაპირი ან არაპირდაპირი დაფინანსების მიღება ეკრძალება. საუბარია როგორც ფულად თანხაზე, ასევე ქონებრივი ღირებულების სხვა მატერიალურ სიკეთეებზე.