ცვლილებები „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ კანონში

12:22, 13.05.2025

„დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს თავდაცვისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტებმა მხარი პრინციპების დონეზე, პირველი მოსმენით დაუჭირეს. მთავარი სიახლე დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებაში როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადაზე ადრე შეწყვეტის საფუძველს, ახალი ნორმის შემოღებას უკავშირდება. რომლის მიხედვითაც, პირის ვადამდე გამოწვევის საფუძველი მინისტრის მიერ დამტკიცებული ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების ისეთი დარღვევა ხდება, რომელმაც შესაძლოა, ქვეყნის ინტერესების და იმიჯის შელახვა ან ისეთი ქმედების ჩადენა გამოიწვიოს, რომელიც საქართველოს პარლამენტის მიერ განსაზღვრულ საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებსა და სამინისტროს ინტერესს ეწინააღმდეგება. მათი საქმიანობა წელიწადში ორჯერ შეფასდება. პირებს, რომლებსაც გრძელვადიანი სამუშაო მივლინებიდან ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების დარღვევის საფუძველზე ვადაზე ადრე გაიწვევენ, დიპლომატიური სამსახურის რეზერვში ჩასარიცხ პირთა წრეს დაემატებიან. ამავე კანონპროექტით გათვალისწინებულია დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელის, დიპლომატიური თანამდებობის პირისა და ადმინისტრაციული პერსონალისათვის როტაციის ვადის 6 თვიდან ერთ წლამდე გაზრდაც. დიპლომატიური სამსახურის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების ნაწილზე, მათ შორის სამხედრო ატაშეებზეც გავრცელდება.

მსგავსი