პარლამენტმა შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებულ წესებს და მასთან ერთად ადმინისტრაციული და სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის გამკაცრებას მხარი მეორე მოსმენით დაუჭირა. „ქართული ოცნების“ ავტორობით მომზადებულ ცვლილებებს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს და დღევანდელ სხდომაზე, საბოლოდ, მესამე მოსმენით დაამტკიცებს. საკანონმდებლო პაკეტის საფუძველზე აიკრძალება მესაკუთრის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება დახურულ სივრცეში, აგრეთვე აიკრძალება შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებისას შენობების შესასვლელების, ავტომაგისტრალების, ხიდების, გვირაბების, ესტაკადების, მუნიციპალიტეტის მიერ განსაზღვრული სატრანსპორტო კვანძებისა და რკინიგზის ბლოკირება. ჯარიმის ნაცვლად პატიმრობა იქნება განსაზღვრული ძალადობრივი ქმედებების საჯარო მოწოდებებზე. პოლიციელებზე ძალადობის თუ მუქარის ფაქტებზე კი პატიმრობის ვადები გაიზრდება.