ცვლილება „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონში

81 მომხრე, არცერთი – წინააღმდეგი. „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები პარლამენტმა პირველი მოსმენით დაამტკიცა.  ცვლილებების მიხედვით, კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის მიზნით, კანონს სპეციალური მუხლი ემატება, რომლის მიხედვითაც,  ვაქცინაციის პროცესში შესაძლო ზიანზე  პასუხისმგებლობას სახელმწიფო იღებს. გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ზიანი გამოწვეულია იმპორტიორის, სამედიცინო პერსონალის ან სამედიცინო დაწესებულების მიერ დაშვებული შეცდომით. ამ რეგულაციის კანონმდებლობაში ასახვას ვაქცინის მწარმოებლები ყველა ქვეყნისგან, მათ შორის საქართველოსგანაც ითხოვენ. კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორისა და საკითხის მომხსენებლის, დიმიტრი ხუნდაძის განმარტებით, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ კანონში ცვლილებები დაჩქარებული წესით შედის, რადგან ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შემოტანა არ შეფერხდეს და საქართველომ რაც შეიძლება სწრაფად შეძლოს ვაქცინის მიღება. „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს, პარლამენტი საბოლოოდ ხვალინდელ რიგგარეშე სესიაზე მეორე და მესამე მოსმენით დაამტკიცებს.