ცვლილება „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“

პირი წვრილმანი ხულიგნობისთვის, სამართალდამცავის დაუმორჩილებლობისთვის, თანამდებობის პირის ან საჯარო მოსამსახურის შეურაცხყოფისთვის, ასევე შეკრება-მანიფესტაციის ორგანიზების და ჩატარების წესის დარღვევისთვის დაკისრებულ ჯარიმას თუ არ გადაიხდის, ქმედების განმეორებით ჩადენის შემთხვევაში მის მიმართ ჯარიმა აღარ იქნება გამოყენებული და მას ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდება. შესაბამის ცვლილებას პარლამენტი დაჩქარებული წესით იხილავს. ცვლილებების მიხედვით, თუ სამართალდარღვევა სახდელის სახით ითვალისწინებს ადმინისტრაციულ პატიმრობას სხვა სახის სახდელთან ერთად და ამასთანავე, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვა და სახდელის შეფარდება ადმინისტრაციული ორგანოს კომპეტენციაა, ასეთ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული დადგენილება ჯარიმის დაკისრების თაობაზე ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში არ გასაჩივრდება და უშუალოდ სასამართლოში გასაჩივრდება. პროექტით კონკრეტდება, რომ ასეთი დადგენილების სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაში, სასამართლოს მიერ მიღებული დადგენილება ძალაში შევა დადგენილების გამოტანის თანავე, ხოლო დადგენილების გასაჩივრება მის აღსრულებას არ შეაჩერებს.