COVID-19-ის გავრცელების არეალი

კორონავირუსის შემთხვევების ზრდის გამო, სომხეთის ერთ-ერთი სოფელი ჩაიკეტა. პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, ჩაიკეტა გეღარქუნიქის პროვინციის ერთ-ერთი სოფელი, სადაც ინფიცირების 63 შემთხვევა გამოვლინდა. ფაშინიანის ინფორმაციით, დაავადების გავრცელება სოფელში  კორონავირუსით ინფიცირებული პირის დაკრძალვის ცერემონიაზე დასწრებას უკავშირდება. ბოლო  დღე-ღამეში, სომხეთში კორონავირუსის 766 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. უქმე დღეებში სრული კარანტინი გამოცხადდა ბაქოსა და აზერბაიჯანის კიდევ რამდენიმე ქალაქში. ხელისუფლების გადაწყვეტილებით, იმუშავებენ მხოლოდ საავადმყოფოები, სასწრაფო დახმარების სამსახური და სამართალდამცველები.  შეზღუდვების გამკაცრება აზერბაიჯანის მთავრობამ მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 379 შემთხვევა დაფიქსირდა. თურქეთში კი, პრეზიდენტ ერდოღანის გადაწყვეტილებით, უქმე დღეებში კომენდანტის საათი აღარ გახანგრძლივდება.

რაც შეეხება რუსეთს, ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში გამოვლენილია კორონავირუსის 8 984 ახალი შემთხვევა, გარდაცვლილია 197 ადამიანი.