ციხიდან გათავისუფლებული მერაბიშვილის მუქარა 

ხელისუფლების დამხობის მუქარა ციხიდან გამოსვლის პირველივე წუთებში, – ვანო მერაბიშვილმა პოლიტიკური გეგმების ნაწილი „მატროსოვის ციხის“ დატოვებისთანავე გაასაჯაროვა, თუმცა არ დაუკონკრეტებია ვინ იქნებიან მისი მოკავშირეები ხელისუფლების დამხობის გეგმის განხორციელების შემთხვევაში.

შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ოპოზიციურ ერთობას მიესალმება, თუმცა ოპოზიციის მხრიდან დღეს ერთსულოვანი რეაქცია ვერ მიიღო.  მერაბიშვილის განცხადებას მმართველ გუნდში „ნაციონალური მოძრაობის“ ჩვეული პოლიტიკის გაგრძელებად აფასებენ, მისი  თანაგუნდელები კი განმარტავენ, რომ მერაბიშვილი „დამხობაში“, ხელისუფლების მშვიდობიანი გზებით შეცვლას გულისხმობს.

ვანო მერაბიშვილს დღეს არ უთქვამს კონკრეტულად ვისთან გეგმავს თანამშრომლობას და აპირებს თუ არა მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრას, რომელმაც პატიმრობაში მყოფს პოლიტიკისგან დასვენება ურჩია.