„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, დიმიტრი ჩიქოვანის სახლში გასული ღამის განმავლობაში, საპატრულო პოლიცია იმყოფებოდა. სამართალდამცველები ადგილზე სატელეფონო ზარის საფუძველზე მივიდნენ. ზარი 112-ში „პოსტივის” ჟურნალისტისგან შევიდა, რომლის ინფორმაციითაც, ბინაში ჩიქოვანი სამოქალაქო აქტივისტ თათია სამხარაძესთან ერთად იმყოფებოდა და ადგილი ჰქონდა სავარაუდო დანაშაულს.
შინაგან საქმეთ სამინისტრომ, შეტყობინების საფუძველზე, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც ძალადობასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ფაქტს პროვოკაციას უწოდებენ.
პარალელურად, სპეციალური საგამოძიებო სამსახური დიმიტრი ჩიქოვანის სახლში ჩატარებულ ჩხრეკასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ გამოძიება ასევე დაწყებულია ტელეკომპანია „პოსტივის“ ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზეც.