ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში
ისტორიული ვიზიტი ჩინეთიდან. საქართველოში პირველად იმყოფება მსოფლიოს სიდიდით მეორე ეკონომიკის მქონე ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტი.
ჩინეთის მეორე პირი უკვე მიიღეს პრემიერმა და პრეზიდენტმა. ხან ჭენგთან შეხვედრები ორ ძირითად მიმართულებას დაეთმო – პოლიტიკური კავშირების გაღრმავებას და სავაჭრო პარტნიორობის გაძლიერებას. ვიზიტის მნიშვნელობას კიდევ უფრო ზრდის ის გარემოება, რომ სწორედ ჩინეთიდან იწყება მარშრუტი, რომლის მიმართ გლობალური გეოპოლიტიკური გამოწვევების და კონფლიქტების ფონზე დასავლეთის ინტერესი სულ უფრო მზარდია და რომელშიც საქართველოს სატრანზიტო როლი განსაკუთრებულია. აზია-ევროპის დამაკავშირებელი შუა დერეფანი და შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარება შეხვედრებზე ერთ-ერთი საკვანძო საკითხია. უკვე სამი წელია, საქართველოსა და ჩინეთს ერთმანეთთან სტრატეგიული პარტნიორობა აკავშირებს, რამდენიმე თვის წინ კი ურთიერთობა კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე ავიდა. ვაჭრობა, ინვესტიციები, ექსპორტი, პირდაპირი ავია-მიმოსვლა – სტატისტიკური მონაცემები აჩვენებს, რომ ყოვლისმომცველი პარტნიორობა კონკრეტულ შედეგებში აისახება და ამ შედეგებს მზარდი დინამიკა აქვს.