ჩეხეთის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს

დღეს საგარეო საქმეთა სამინისტროში ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩი, პეტრ მიკისკა დაიბარეს. მიზეზი კი მედიაში გავრცელებული მისი განცხადებაა, სადაც ის ამბობდა, რომ ჩეხეთიდან საქართველოში შემოსული პროდუქციის ნაწილი, სანქციების გვერდის ავლით, რუსეთში გადის. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ჩეხურ მხარეს კიდევ ერთხელ გააცნო ის კომპლექსური ნაბიჯები, რომლებსაც საქართველო ახორციელებს მსგავსი ფაქტების აღკვეთასთან დაკავშირებით და ელჩისგან მოითხოვა დეტალური ახსნა-განმარტება, თუ რას ეფუძნებოდა მისი განცხადება, რომელიც რეალობას არ შეესაბამება და ზიანს აყენებს როგორც ორი ქვეყნის თანამშრომლობას, ასევე საქართველოს რეპუტაციას. ჩეხეთის ელჩმა დააფიქსირა, რომ სამწუხაროდ მოხდა მისი სიტყვების მცდარი ინტერპრეტაცია და კონტექსტიდან ამოღებული ფორმით გავრცელება. მინისტრის მოადგილესთან შეხვედრისას, ელჩმა აგრეთვე დაადასტურა, რომ სანქციებთან დაკავშირებით საქართველოსთან მიმართებით შეკითხვები არ არსებობს.