პარლამენტში წინა ხელისუფლების დროს დაზარალებულ კიდევ ერთ ბიზნესმენს მოუსმინეს.
დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ამჯერად ჯუმბერ ბუზალაძე მივიდა, რომელიც ყოფილ მაღალჩინოსნებს ქონების, კერძოდ, ავტომობილების წართმევაში ადანაშაულებს. მისი მონაყოლის მიხედვით, დუბაიდან ჩამოყვანილი და ავტოსადგომზე გასაყიდად გატანილი მანქანები შინაგან საქმეთა მაშინდელმა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა და სოდ-ის იმდროინდელმა ხელმძღვანელმა ერეკლე კოდუამ მიითვისეს. წლების წინ ბიზნესმენი საქართველოში მოპარული მანქანების ჩამოყვანის ბრალდებით ციხეშიც მოხვდა. კონკრეტული მასალებით წარდგა კომისიის წინაშე მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი ჯონდი ბაღათურიაც. პოლიტიკოსი ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ხელისუფლების ყველა შტოს ჩართულობით სახელმწიფო და კერძო პირთა ქონების მითვისების ხარჯზე გამდიდრებაში ადანაშაულებს და კონკრეტულ კორუფციულ გარიგებებზე საუბრობს.