ცესკო-ს თავმჯდომარის კანდიდატურა

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ცესკო-ს თავმჯდომარისა და წევრობის მსურველებთან გასაუბრება მიმდინარეობს. ამ წუთებში საკონკურსო კომისიის წევრები ერთ-ერთ კანდიდატს, ისტორიკოს მაია გურამიშვილს ხვდებიან, მანმადე კი გასაუბრება გაიმართა პროფესიით ექიმ ვილი პაჭკორიასთან.

ცესკო-ს თავმჯდომარის პოსტზე რვა განაცხადია შესული, წევრობის სურვილი კი 16 პირს აქვს. საკონკურსო კომისიას გასაუბრებისთვის ორი დღე აქვს, შემდეგ მან პრეზიდენტს თითო ვაკანტურ პოსტზე მინიმუმ ორი და მაქსიმუმ სამი კანდიდატი უნდა შესთავაზოს. თუმცა შესაძლებელია, კომისიამ რეკომენდაცია არცერთ კანდიდატს მისცეს და კონკურსი ხელახლა გამოცხადდეს. შეთავაზებულ  კანდიდატებზე უარის თქმის უფლება აქვს პრეზიდენტსაც. იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტი კომისიის რეკომენდაციას დაეთანხმება, თითო ვაკანტურ პოსტზე ორ კანდიდატს პარლამენტს წარუდგენს. საკანონმდებლო ორგანომ ცესკო-ს თავმჯდომარის ან წევრის ხუთი წლით დასამტკიცებლად, მას მხარდაჭერა ხმების 2/3-ით, ანუ მინიმუმ 100 ხმით უნდა გამოუცხადოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, უფლებამოსილების ვადა ექვსი თვით განისაზღვრება.