ცესკო-ს თავმჯდომარის ბრიფინგი

ხვალ, 30 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურია. დეტალებზე დღეს ცესკო-ს თავმჯდომარემ ისაუბრა. მოქალაქეები მერებს ხუთ თვითმმართველ ქალაქსა და 15 მუნიციპალიტეტში, ხოლო 24 საარჩევნო ოლქში საკრებულოების 42 მაჟორიტარ წევრს ირჩევენ. მეორე ტურისთვის გახსნილია 1 830 საარჩევნო უბანი. ამომრჩევლებს მოემსახურება გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი 8 უბანი და ასევე შექმნილია 29 სპეციალური უბანი, რომლებიც მოემსახურება სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფ ამომრჩევლებს.

მეორე ტურისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა კი შეადგენს 2 088 722-ს. საარჩევნო კანონმდებლობის შესაბამისად, რეგისტრაცია გაუგრძელდა 2 ოქტომბრის არჩევნებისთვის რეგისტრირებულ ყველა სადამკვირვებლო ორგანიზაციასა და მედიას. რეგისტრირებულია საარჩევნო სუბიექტების 5 309 წარმომადგენელი, 100 ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის 35 198 და 52 საერთაშორისო ორგანიზაციის 1 102 დამკვირვებელი; ასევე 119 მედიაორგანიზაციის 3 711 წარმომადგენელი.

დატოვე კომენტარი