ცესკო-ს განცხადება

15:15, 22.04.2025

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ღია წერილით ეხმაურება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციას. ღია წერილში ნათქვამია: „გავეცანით თქვენს პოზიციას დადგენილებასთან დაკავშირებით და გვსურს აღვნიშნოთ, რომ იმ ფონზე, როცა ამ დადგენილებასთან მიმართებაში, არაერთგზის იქნა ჩვენი საჯარო პოზიცია და განმარტება ცხადად დაფიქსირებული, გვქონდა მოლოდინი, რომ სანამ ჩვენ საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე გადაწყვეტილებას მიიღებდით, დაინტერესდებოდით ჩვენი პოზიციითაც, თუმცა დოკუმენტში ასახული ინფორმაცია არ შეესაბამება რეალობას.

გვინდა შეგახსენოთ, რომ 2024 წლის 26 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ, „სავარაუდო გაყალბებასთან“ დაკავშირებით გავრცელებული განცხადებებიდან გამომდინარე, საარჩევნო ადმინისტრაციამ საკუთარი ინიციატივით მიმართა საქართველოს პროკურატურას და მოითხოვა გამოძიების დაწყება გავრცელებული ბრალდებების ობიექტურად შესაფასებლად. პროკურატურის შუალედური განცხადებით, რომელიც არაერთ საგამოძიებო ექსპერიმენტს თუ ჩვენებას ეფუძნებოდა, ცნობილი გახდა, რომ არავის, მათ შორის არცერთ პოლიტიკურ აქტორს და სადამკვირვებლო ორგანიზაციას, არ წარუდგენია გახმოვანებული ბრალდებების რაიმე კონკრეტული მტკიცებულებები. შესაბამისად, ახლა უკვე ყველასთვის ცხადია, რომ ოპონენტების მიზანი სხვადასხვა ტიპის ცრუ ბრალდებებით საარჩევნო ადმინისტრაციის და ზოგადად საარჩევნო პროცესის მიმართ ნდობის შემცირებაა.

რეალობა ერთია – საარჩევნო ადმინისტრაციამ 26 ოქტომბრის არჩევნების ადმინისტრირება განახორციელა მაღალ პროფესიულ დონეზე და კანონმდებლობის სრული დაცვით, რაც, როგორც მინიმუმ, დადასტურებულია ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის შეფასებითაც. 26 ოქტომბრის არჩევნებს უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობის დამკვირვებელი ადევნებდა თვალს და არჩევნების დღეს არ დაწერილა საჩივრები, რომლებსაც შეეძლოთ არსებითი გავლენა მოეხდინათ არჩევნების პროცესზე. თითოეული კომისიის 17 წევრიდან 8 ე.წ. ოპოზიციური პარტიების კვოტით იყო დანიშნული და არჩევნების დღეს შედგენილ შემაჯამებელ ოქმებში განსხვავებული აზრი მათგან მხოლოდ ცხრამ დააფიქსირა. უფრო მეტიც, პოლიტიკურმა აქტორებმა კენჭისყრის დასრულების შემდეგ, იზეიმეს კიდეც არჩევნებზე მათ მიერ მიღწეული შედეგი, თუმცა როცა დათვლის პროცესი დაიწყო და რეალობა სხვაგვარი აღმოჩნდა, სტრატეგია შეცვალეს. მაგალითად, საარჩევნო სუბიექტმა „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, რომელიც ხმების დათვლას ალტერნატიულ რეჟიმში საკუთარ ვებგვერდზე აწარმოებდა, მას შემდეგ რაც დაინახა, რომ მისი შედეგი საარჩევნო ადმინისტრაციისას ემთხვეოდა, მიუწვდომელი გახადა ვებგვერდი. ხოლო ადგილობრივმა სადამკვირვებლო ორგანიზაციამ „სამართლიანი არჩევნები“ უარი თქვა PVT-ის გამოქვეყნებაზე, როცა მისი და საარჩევნო ადმინისტრაციის შედეგები ერთმანეთს დაემთხვა.

საკითხი, რომელიც ამ არჩევნების დისკრედიტაციის ერთ-ერთი მთავარი საფუძველია არჩევნებიდან მხოლოდ 3 დღის შემდეგ გახდა აქტუალური. სწორედ ამ დროიდან დაიწყო დაინტერესებული მხარეებისგან პედალირება იმაზე, რომ ბიულეტენის ფურცელზე მარკერი ჟონავდა და ეს ნიშნავდა იმას, რომ ფარულობა დაირღვა. ეს მაშინ, როცა კენჭისყრის და შემდგომი 2 დღის განმავლობაში ამ საკითხთან მიმართებაში საოლქო საარჩევნო კომისიებში წარმოდგენილი იყო სულ 5 საჩივარი, რაც ცალსახად ადასტურებს, რომ მარკერის სითხის გაჟონვა, მით უფრო ჩარჩო-კონვერტის პირობებში, არ იყო პრობლემა. განსხვავებით საქართველოსგან, ბევრი ქვეყანა ამ პროცესში კონვერტს საერთოდ არ იყენებს და ამომრჩევლის არჩევანი ხილვადია. თუმცა რატომღაც მათ შემთხვევაში ეს საკითხი პრობლემური არ არის. ასეთი ორმაგი სტანდარტით საკითხისადმი მიდგომა კი რბილად რომ ვთქვათ გაუგებარია. თუ დავუბრუნდებით 26 ოქტომბრის არჩევნების ეუთო/ოდირის ანგარიშს და მას სხვა ქვეყნებში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით მომზადებულ ანგარიშებს შევადარებთ, დავინახავთ, რომ ზოგ შემთხვევაში სხვა ქვეყნების მიმართ ბევრად მწვავე შენიშვნებია, თუმცა მათ შემთხვევაში არავინ საუბრობს არჩევნების გაყალბებაზე. და მაშინ ლოგიკურად ისმის რიტორიკული კითხვა – რატომ? გასულ წელს ჩვენ განვახორციელეთ მასშტაბური სამუშაო და ქვეყანაში წარმატებით დავნერგეთ საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიები. თუმცა სამწუხაროდ ამჟამად სახეზეა მთელი ამ პროცესის გაუფასურების მცდელობა და ეს მხოლოდ იმიტომ, რომ გარკვეულმა პოლიტიკურმა ძალებმა მათთვის სასურველი შედეგი ვერ მიიღეს.”- ნათქვამია ცესკო-ს წერილში.

მსგავსი