ცესკო დარღვევებზე და ხელის შეშლაზე საუბრობს

ცესკო-ს თავმჯდომარე საარჩევნო კომისიების წევრებზე გახშირებულ ზეწოლაზე იწყებს საუბარს. გიორგი კალანდარიშვილი ამბობს, რომ საარჩევნო ადმინისტრაციაში დასაქმებული პირების მიმართ მუქარის შემცველი სატელეფონო ზარები ხორციელდება. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მიზანმიმართული შეტევის ნაწილად განიხილავს საბურთალოს ოლქის ორ საარჩევნო უბანზე მომხდარ გუშინდელ ინციდენტებსაც. კალანდარიშვილი პოლიტიკურ ძალებს თავშეკავებისკენ მოუწოდებს და პირობას დებს, რომ 2 ოქტომბრამდე და 2 ოქტომბერს დაფიქსირებულ ყველა დარღვევას სათანადო რეაგირება მოჰყვება. მსგავსი განცხადებების მიუხედავად, ოპოზიციის ნაწილს ცესკო-ს მიმართ ნდობა არ აქვს. მმართველი გუნდი კი შაბათამდე ოპონენტებისგან საოლქო და საუბნო კომისიებში კიდევ არაერთ პროვოკაციას ელოდება.