ბრიტანული სანქციები – საგამოძიებო სამსახურის განცხადება

15:10, 27.05.2026

დიდი ბრიტანეთის მიერ გუშინ დასანქცირებული კომპანიების მიმართ მიმდინარეობს გამოძიება, უკვე მიღწეულია კონკრეტული სამართლებრივი შედეგები. ასე ეხმაურება ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ბრიტანეთის გადაწყვეტილებას. საუბარია გუშინ დასანქცირებულ კომპანიებზე – შპს „ეი აი ფორის“, შპს „არ ვიქსის“ და შპს „რაპირა გრუპზე“. საგამოძიებო სამსახურში აცხადებენ, დასანქცირებული კომპანიებიდან არცერთის საქმიანობის არეალი არ იყო საქართველო. გამოძიებით დადგენილია, რომ შპს „ეი აი ფორი“ და შპს „არ ვიქსი“ ფიქტიურად, გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ დარეგისტრირდნენ სხვა პირების სახელზე, რეალურად კი ოპერირებდნენ რუსეთში, მოსკოვში და საქართველოში აქტივები ან ოფისები არ გააჩნდათ.

აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე, 2026 წლის 28 აპრილის სასამართლო განაჩენით, სამ ბრალდებულს სასჯელის სახედ განესაზღვრა ჯარიმა 30 000 ლარის ოდენობით და პირობითი მსჯავრი, ხოლო დანაშაულის ორგანიზატორს, დავით ჯინჭარაძეს მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა ცხრა წლისა და ექვსი თვის ვადით. რაც შეეხება შპს „რა პირა გრუპის“ უკანონო საქმიანობას, დადგენილია, რომ დიდი ბრიტანეთის მოქალაქის მიერ მინდობილობით დარეგისტრირებული კომპანია ვებგვერდ rapira.net-ის საშუალებით ექსკლუზიურად ემსახურებოდა მხოლოდ რუსეთის მოქალაქეებს და მისი დომენიც რუსულ რეგისტრატორთან არის გაფორმებული. კომპანიას არანაირი ბრუნვა საბანკო ანგარიშებზე, აქტივები ან ოფისები საქართველოს ტერიტორიაზე არ უფიქსირდება და მისი რეგისტრაცია მხოლოდ ფორმალურ ხასიათს ატარებდა. აღნიშნულია ფინანსთა სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაში.

მსგავსი