უჩა აბაშიძის მეუღლის, მარიამ იაშვილის საქმესთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროში ბრიფინგი რამდენიმე საათის წინ გაიმართა. ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის განცხადებით, ბრალდებულისა და მისი ქმრის საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას ამოღებულია ფარული ვიდეოკამერები და მეხსიერების ბარათები.
გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულმა და მისმა მეუღლემ, უჩა აბაშიძემ განიზრახეს სხვადასხვა პირთა პირადი ცხოვრების საიდუმლოს, კერძოდ ინტიმური კავშირის ამსახველი მასალების უკანონოდ მოპოვება და შენახვა, ამ მიზნით კი მარიამ იაშვილის საცხოვრებელი ბინა შენიღბული ვიდეოაუდიო ჩამწერი მოწყობილობებით აღჭურვეს. მოწყობილობები დამონტაჟებული იყო საცხოვრებელი ბინის ოთახის სხვადასხვა კუთხეში, მათ შორის საყოფაცხოვრებო ნივთებსა და ტექნიკაში.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვიდეოჩანაწერებში არიან როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეები, ასევე საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები.