ბრალდება „ნაციონალურ მოძრაობას“ - სუს-მა გამოძიება დაიწყო

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ უკრაინაში შესაძლო პროვოკაციების მოწყობის შესახებ ინფორმაციაზე გამოძიება დაიწყო. როგორც საქართველოს პირველ არხს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს, გამოძიება 325-ე მუხლის პირველი ნაწილით არის დაწყებული, რაც სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირზე თავდასხმას გულისხმობს. მათივე ინფორმაციით, უწყების მიერ ინფორმაცია დაუყოვნებლივ ეცნობა უკრაინელ კოლეგებს.

შეგახსენებთ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ გარკვეული პროვოკაციების დაგეგმვის მიზნით არის მობილიზებული და სწორედ ამის გამო თქვეს უარი უკრაინაში საპარლამენტო დელეგაციის წევრებთან ერთად ვიზიტზე.

ამ განცხადებას „ნაციონალური მოძრაობიდან“ ლევან ბეჟაშვილი გამოეხმაურა. მისი შეფასებით, „ქართული ოცნება“ ეძებს მიზეზებს, რომ უკრაინაში ვიზიტზე „ქართული ოცნების“ უარყოფითი პოზიცია გადაფაროს.