„ბიზნესპარტნიორი“ - პირველ არხზე ახალი პროექტი იწყება

საქართველოს პირველ არხზე კიდევ ერთი ახალი პროექტი იწყება – ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით ყოველ სამუშაო დღეს პირველი არხის მაყურებელს „ბიზნესპარტნიორი“ ელოდება.

გადაცემა ეთერში 15 საათსა და 30 წუთზე გავა.

„ბიზნესპარტნიორი“ არის გადაცემა, სადაც მაყურებელი მიიღებს ყველაზე ამომწურავ და ობიექტურ ინფორმაციას საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და ბიზნესაქტივობებზე.

საკანონმდებლო რეგულაციები, დასაქმების ბაზარი, საინვესტიციო გარემო, სიახლეები და ანალიზი, რა უშლის ხელს ახალი სამუშაო ადგილების გაჩენას, როგორ ესმის ხელისუფლებას დამსაქმებელთა და დასაქმებულთა პრობლემები და რა კეთდება მათ მოსაგვარებლად. განხილული თემები განთავსდება ვებგვერდზე 1tv.ge.

მაყურებელს საკუთარი აზრის გამოთქმის საშუალება „ბიზნესპარტნიორის“ ფეისბუქგვერდის საშუალებითაც ექნება. „ახალ დღეში“ კი „ბიზნესპარტნიორის“ რუბრიკა 22 აპრილიდან დაიწყება.