ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ

ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ მისი ქონების  90 პროცენტს საქველმოქმედო „ფონდი ქართუ“ განკარგავს. პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ამბობს, რომ გადაწყვეტილება ოჯახთან შეთანხმებით მიიღო და საქართველოში არსებული ივანიშვილების საკუთრება საქველმოქმედო მიზნებს მოხმარდება. საუბარია დაახლოებით მილიარდ-ნახევარი დოლარის ღირებულების ქონებაზე, რომლშიც გაერთიანებულია: ყოფილი ცეკავშირის შენობა, პროექტი სოლოლაკი – შპს „სოლოლაკი ჰილს“, „თაბორი რიზორთსი“, საბაგიროები – შპს „ჯორჯიან ეკო ტრანსპორტი“, მიწის ნაკვეთები მწვანე კონცხზე, ციხისძირსა და ჩაქვში, სასტუმრო „პარაგრაფი“ შეკვეთილში, შპს „ბლექს სი რივიერა“ განმუხურში და შპს ცისარტყელა აბასთუმანში.

„ქართუ ფონდს“ ასევე გადაეცა მიწის ნაკვეთები თბილისის მასშტაბით, „ლაგუნა ვერეს“ ტერიტორია, ბაკურიანში დიდველის მიწის ნაკვეთი, ფოთში, ბათუმსა და ბოლნისში არსებული მიწის ნაკვეთები, ასევე „ბანკი ქართუ“ და სადაზღვევო კომპანია „ქართუ“. ამჟამად გადაცემის პროცესშია კომპლექსი დაბა ბაკურიანში და სასტუმრო სიღნაღში.

გამოცემა „ენტერპრენერტან“ ინტერვიუში ივანიშვილი მის დარჩენილ ქონებაზეც საუბრობს და ამბობს, რომ სხვადასხვა საერთაშორისო ბიზნესგამოცემების, „ბლუმბერგისა“ თუ „ფორბსის“ მიერ 5-6 მილიარდ დოლარად შეფასებული მისი ქონება რეალურ ციფრებს არ ასახავს, რადგან ის ამ გამოცემებთან წლებია, აღარ თანამშრომლობს და მისთვის გაუგებარია, როგორ ითვლიან თანხებს. ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ მისი ქონება შემცირდა მას შემდეგ, რაც აქტიურ პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩაერთო და ბიზნესს შესაფერის ყურადღებას ვეღარ აქცევდა.

 

დატოვე კომენტარი