ბიძინა ივანიშვილის გზავნილი გიორგი გახარიას 

პირველი განცხადება პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ.

ბიძინა ივანიშვილი გიორგი გახარიას სახელმწიფოს და გუნდის ღალატში ადანაშაულებს. თებერვალში გადამდგარი ყოფილი პრემიერ-მინისტრის გუნდი ივანიშვილის ახალი პროექტი არ არის, – ეს დღევანდელი განცხადების ერთ-ერთი მთავარი გზავნილია. რამდენიმე თვიანი დუმილის დარღვევის მიზეზად პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი სწორედ გახარიასთან მის კავშირზე გავრცელებულ მოარულ ხმებს ასახელებს და ამ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს. მმართველი პარტიის ყოფილი თავმჯდომარე 18 თებერვალს გადადგმული ნაბიჯის გამო გახარიას მწვავედ აკრიტიკებს და ხაზს უსვამს, რომ ის ოთხი თვის წინ კანონის უზენაესობის დაცვის წინააღმდეგ წავიდა. ბიძინა ივანიშვილი „ქართული ოცნების“ ყოფილი ლიდერის პარტიას მმართველი გუნდისთვის ხმების წართმევის ინსტრუმენტად მოიაზრებს. ახალი პოლიტიკური ძალის პრეზენტაციიდან ერთ კვირაში გამოქვეყნებულ განცხადებას უკვე მოჰყვა ადრესატის პასუხი. დროსთან ერთად ყოფილ თანაგუნდელებს შორის ურთიერთობა სულ უფრო მწვავდება. გადამდგარი პრემიერის გუნდი „ქართული ოცნების“ მოქმედ თავმჯდომარეს პროკურატურაში უჩივის.