ბესლან წუწაშვილი, რომელსაც ოჯახი 16 დღის განმავლობაში ეძებდა, თბილისშია

პანკისის ხეობის სოფელ ბირკიანში მცხოვრები 27 წლის ბესლან წუწაშვილი, რომელსაც ოჯახი 16 დღის განმავლობაში ეძებდა, თბილისშია. მისი მეგობრების ინფორმაციით, წუწაშვილი ჩეჩნეთიდან დღეს დაბრუნდა. ბესლან წუწაშვილის დედის, ლეილა უმაროვას თქმით, მას შვილი ჯერ არ უნახავს.

წუწაშვილი ჩეჩნეთში 6 ივნისს გაემგზავრა და მას შემდეგ ოჯახს არ დაკავშირებია. ოჯახის ინფორმაციით, მათ ბესლანთან ერთად მყოფი პირებისგან შეიტყვეს, რომ რუსეთის ტერიტორიაზე გადასვლის შემდეგ, ის უშიშროების სამსახურის თანამშრომლებმა დააკავეს. მისი ადგილსამყოფელის დასადგენად, ლეილა უმაროვამ 22 ივნისს განცხადებით „წითელი ჯვრის“ საერთაშორისო კომიტეტს მიმართა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო წუწაშვილს ქვეყნის ტერიტორიაზე ეძებდა. უწყებაში აცხადებენ, რომ ძებნის საქმის დახურვამდე, მას გამოსაკითხად პოლიციაში დაიბარებენ.