ბესიკ ხარძიანის საქმე

სააპელაციო სასამართლოში მსჯავრდებულის საჩივრის საფუძველზე განახლდა ბიზნესმენ ბესიკ ხარძიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებული 38 წლის აზერბაიჯანის მოქალაქე ფარიდ გურბანოვის პროცესი. სასამართლოში არსებითი განხილვა დაიწყო. სხდომაზე პროკურატურამ დამატებითი მტკიცებულებები, მსჯავრდებულის გენეტიკური ექპერტიზის დასკვნები წარადგინა, პროკურატურის თქმით, აღებული ნიმუშებით დასტურდება გურბანოვის ბრალეულობა. მსჯავრდებული ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებს. რატომ მოკლეს ბიზნესმენი, ვინ შეუკვეთა ბესიკ ხარძიანის მკვლელობა – მთავარ შეკითხვებზე გამოძიებას პასუხი არ აქვს. მოკლულის ოჯახი დარწმუნებულია, რომ ბიზნესმენი კუს ტბის წილებს შეეწირა. შეგახსენებთ 2015 წლის 28 მარტს ბესიკ ხარძიანს საკუთარ საცხოვრებელ სახლთან ჩაუსაფრდნენ და სადარბაზოში მაყუჩიანი იარაღიდან გასროლით ზურგში სასიკვდილო ჭრილობები მიაყენეს. ნიღბიანმა მკვლელმა ტერიტორია მოპედით დატოვა და მიიმალა. ბესიკ ხარძიანი კლინიკაში მიყვანიდან რამდენიმე წუთში დაიღუპა. გურბანოვი ინტერპოლის საერთაშორისო არხებით 2015 წლის 28 აპრილიდან იძებნებოდა. 9-წლიანი ძებნის შემდეგ ის საქართველოს გენერალური პროკურატურის მოთხოვნით, თურქმა სამართალდამცველებმა სტამბოლში აიყვანეს. სექტემბერში კი მოხდა მისი ექსტრადიცია საქართველოში.