ბექა საყვარელიძის პერსონალური გამოფენა

დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში ბექა საყვარელიძის პერსონალური გამოფენა გაიხსნა. გამოფენაზე სახელწოდებით „ვიღაცა ურევს“ წარმოდგენილია მხატვრის მიერ ბოლო წლებში სხვადასხვა ტექნიკითა და მასალით შესრულებული ნამუშევრები.

ბექა საყვარელიძე აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის ფერწერის მიმართულების მაგისტრატურის დამთავრებიდან დღემდე, ამავე აკადემიის მოწვეული პედაგოგია. მხატვარი 2019 წლიდან ქალაქ დრეზდენის საერთაშორისო პლენარულ გამოფენას – „კულტურა. სინქრონი“ მარიამ შაქარაშვილთან ერთად ხელმძღვანელობს, რომელიც ბექა საყვარელიძის პედაგოგმა, გერმანიაში მოღვაწე ქართველმა მხატვარმა, ალექსანდრე ადამიამ დააფუძნა.