ბავშვის დაჭრაში ბრალდებული დააკავეს
რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ მცირეწლოვნის დაჭრაში ბრალდებული ქალი დაკავებულია.
მოქალაქე, რომელიც ქუჩაში მშობლებთან ერთად მიმავალ ბავშვს თავს დაესხა, გამთენიისას, სავარაუდოდ, საცხოვრებელი ბინიდან აიყვანეს. 51 წლის ქალს 7-დან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
შემზარავი ფაქტი პეკინის გამზირზე გუშინ ოხდა. არსებობს შემთხვევის ამსახველი ვიდეომასალაც, სადაც ჩანს, როგორ აყენებს თავდამსხმელი მშობლების და ქუჩაში გამვლელების თვალწინ სამი წლის ბავშვს სახეზე ცივი იარაღით ჭრილობებს, რამდენიმე წამში ანალოგიური ქმედების ჩადენას ცდილობს იქვე მდგომი კიდევ ერთი მცირეწლოვნის მიმართ და წინააღმდეგობის გაწევის შემდეგ ტერიტორიას ტოვებს.
დაშავებული ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. გავრცელებული ინფორმაციით, ბრალდებულს ფსიქიკური პრობლემები აღენიშნება, თუმცა მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ურთიერთგამომრიცხავი ვერსიები ვრცელდება.