ბათუმში, წარსულში ნასამართლევი პირი ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბათუმში ყაჩაღობის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი პირი ცხელ კვალზე დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 5-დან 7-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ მან 4 მაისს, ბათუმში, სავაჭრო ცენტრში მდებარე ვალუტის გადამცვლელ პუნქტში მოლარეს იარაღის მუქარით თანხა მოსთხოვა. იქვე მდებარე მაღაზიის თანამშრომლებმა დამნაშავის შეჩერება სცადეს, თუმცა, მან გაქცევა მოახერხა.

ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების თანამშრომელმა ის შემთხვევის ადგილიდან რამდენიმე მეტრში დააკავა. გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს.