ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის ფაქტზე დაკავებულების სასამართლო პროცესი
ამ წუთებში ბათუმის საქალაქო სასამართლოში, კორპუსის ჩამონგრევის ფაქტზე დაკავებულების პროცესი მიმდინარეობს. დღეს მხარეები მოსამართლეს მტკიცებულებებს წარუდგენენ. დაცვის მხარე აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის შეცვლასა და გირაოს შეფარდებას ითხოვს. საქმეზე დაკავებულები არიან ბინის მესაკუთრე ზაურ ბუდაგოვი და მის მიერ დაქირავებული მუშები – მამა-შვილი სურმანიძეები.
როგორც სურმანიძეების ადვოკატმა განმარტა, კორპუსის ნგრევაზე პასუხისმგებელი არის მხოლოდ მეპატრონე. მისი თქმით, სარეკონსტრუქციო სამუშაოები მეპატრონის მითითებით მიმდინარეობდა. სურმანიძეების ოჯახის წევრები ობიექტურ გამოძიებას ითხოვენ. სასამართლოსთან იმყოფებიან კორპუსის ნგრევის შედეგად გარდაცვლილების ოჯახის წევრებიც. მათი მოთხოვნა დამნაშავეების დასჯაა.
შეგახსენებთ, რომ 2021 წლის 8 ოქტომბერს ბათუმში საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა, რის შედეგადაც ცხრა ადამიანი, მათ შორის სამი არასრულწლოვანი გარდაიცვალა.