ესპანეთში, ბინების ქურდობისა და კრიმინალურ დაჯგუფებასთან კავშირის გამო დაკავებული ქართველების პატიმრობაში დატოვების საკითხს სასამართლო კვირის ბოლომდე განიხილავს. ესპანეთში საქართველოს კონსულის ინფორმაციით, დაკავებული 25 პირიდან 6 უკვე გათავისუფლდა.
რაც შეეხება საემიგრაციო წესების დარღვევისთვის დაკავებულ საქართველოს დანარჩენ 40 მოქალაქეს, ისინი ამ დრომდე პატიმრობაში რჩებიან. სპეცოპერაცია ესპანეთში 4 აპრილს ჩატარდა. ოპერაცია „მერლინ-ტაკა“ საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის შედეგად დაიგეგმა და მასში 250 სამართალდამცველი, მათ შორის ქართველებიც მონაწილეობდნენ. სპეცოპერაციისას სხვადასხვა ქვეყნის 100-ზე მეტი მოქალაქე დააკავეს.