ბაკურიანში წყლის მიწოდება აღდგა

ბაკურიანში დღეს დილიდან წყლის მიწოდება აღდგენილია, შეფერხება მხოლოდ რამდენიმე სასტუმროს აქვს, რომელსაც წყალმომარაგების პრობლემა დღის განმავლობაში მოეხსნება. ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, ილია ბეგიაშვილმა განაცხადა. ბეგიაშვილის თქმით, წყალმომარაგება გუდაურში მდებარე „რედკოს“ დასახლებაშიც აღდგენილია.

სიტუაციის ადგილზე გაცნობის მიზნით, გუდაურში ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი გაემგზავრა.

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ  გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ხელმძღვანელი ეკატერინე გალდავა თანამდებობიდან გათავისუფლდა. კომპანიის დირექტორად კი გრიგოლ მანდარია დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს.

კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში არ არის დაკონკრეტებული, უკავშირდება თუ არა საკადრო ცვლილება ზამთრის კურორტების წყლით მომარაგებაში არსებულ პრობლემას.