ბაჩიაშვილის სასამართლო

თბილისის საქალაქო სასამართლოში თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის წინასასამართლო პროცესი გაიმართა. პროკურატურა ბრალდებულს „მტკვარი ჰესის“ საქმესთან დაკავშირებით, სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობის ფაქტზე ედავება. ბაჩიაშვილმა სასამართლო სხდომაზე იმის შესახებ ისაუბრა, თუ როგორ მოხდა მისი საქართველოში ჩამოყვანა. ბაჩიაშვილის თქმით, ის საზღვარგარეთ მოიტაცეს, ორი დღე თვალებახვეული ატარეს და შემდეგ ჩასვეს თვითმფრინავში და საქართველოში გადმოაფრინეს. „მტკვარი ჰესის“ საქმეზე სასამართლო პროცესი 24 ივლისს ჩაინიშნა, სადაც უკვე საქმის არსებითი განხილვა დაიწყება. შეგახსენებთ, თანაინვესტირების ფონდის ყოფილმა ხელმძღვანელმა, გიორგი ბაჩიაშვილმა საქართველო 2 მარტს უკანონოდ დატოვა. გიორგი ბაჩიაშვილს 5 მარტს საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეეფარდა. ამასთან, გიორგი ბაჩიაშვილს „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისების საქმეზე, თერთმეტი წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.