აზერბაიჯანში დღეს გლოვის დღეა. გუშინ, „აზერბაიჯანული ავიახაზების“ სამგზავრო თვითმფრინავი, რომელიც ბაქოდან გროზნოში მიფრინავდა და კურსი შეიცვალა, აქთაუს აეროპორტიდან სამ კილომეტრში ჩამოვარდა. ბორტზე 62 მგზავრი და ეკიპაჟის ხუთი წევრი იმყოფებოდა. მომხდარის შედეგად 38 ადამიანი დაიღუპა. „ევრონიუსი“ წერს, რომ აზერბაიჯანული თვითმფრინავის ჩამოვარდნა შესაძლოა, რუსულ საჰაერო თავდაცვის სისტემას გამოეწვია. როგორც ანონიმური წყაროები აცხადებენ, რუსეთის ქალაქ გროზნოსთან მიახლოებისას, რომელიც ფრენის დანიშნულების ადგილი იყო, გადარჩენილმა მგზავრებმა გაიგეს აფეთქების ხმა, რასაც მოჰყვა თვითმფრინავის კორპუსის დაზიანება. ამასთან, რუსი სამხედრო ბლოგერის თქმით, თვითმფრინავის კორპუსზე არსებული დაზიანება მიუთითებს, რომ ის შესაძლოა, შემთხვევით დაზიანდა საჰაერო თავდაცვის სარაკეტო სისტემის მიერ. იმაზე, რომ თვითმფრინავი რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემის გამო ჩამოვარდა, აქტიურად საუბრობენ სოციალურ ქსელებშიც. შემთხვევის ადგილიდან გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს, რომ თვითმფრინავს აქვს დაზიანებები, რომლებიც შესაძლოა, საზენიტო-სარაკეტო კომპლექსისგან იყოს გამოწვეული. როგორც „ევრონიუსი“ წერს, საინტერესოა ისიც, რომ 25 დეკემბერს, დილით რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემა უკრაინული დრონებით შეტევას იგერიებდა ჩრდილოეთ კავკასიის რამდენიმე ნაწილში.