ავტოკეფალიის აღდგენის დღე – პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება
ავტოკეფალიის აღდგენის დღის თარიღს ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარეც.
„სიმბოლურია, რომ როგორც გადმოცემა გვეუბნება, სწორედ 25 მარტი იყო ის დღე, როდესაც 326 წელს ახალმონათლული მეფე მირიანის ბრძანებით მოკვეთეს საჯვარე ხე, რომლისგან დამზადებული ჯვარი აღმართეს მცხეთაში, იქ, სადაც აიგო ჩვენი უძვირფასესი ტაძარი, სვეტიცხოველი. ასე მოექცა ქართლი, ასე გახდა ქრისტიანობა ქართული სახელმწიფოს სულიერი საყრდენი, რომლის 1700 წლის იუბილესაც წელს აღვნიშნავთ. 1917 წლის 25 მარტს მცხეთის სვეტიცხოვლის დიდ საკათედრო ტაძარში შეკრებილმა სამღვდელოებამ წაიკითხა საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის აქტი.
106-წლიანი დამცირების შემდეგ, რომლის ანალოგიც საქართველოს ისტორიაში არ ყოფილა, ქართულმა საზოგადოებამ ისარგებლა თებერვლის რევოლუციის მიერ მოტანილი ცვლილებებით და მყისიერად აღადგინა უპირველესი საზრუნავი – ქართული ეკლესიის ავტოკეფალია. სწორედ ეს დიდებული აქტი იქცა დასაბამად საქართველოს დამოუკიდებლობის ხანგრძლივ გზაზე, რომელშიც თავისი წვლილი არაერთმა თაობამ თუ სახელოვანმა მამულიშვილმა შეიტანა. სწორედ ასეთ მათგანს გამოვეთხოვეთ ჩვენ რამდენიმე დღის წინ – უდიდეს ქართველს, თავდადებულ მამულიშვილს, ქვეყნისა და სარწმუნოებისთვის ჭეშმარიტ მოწამეს, კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს, ყველას გილოცავთ ამ უდიდეს დღეს,“ – წერს პაპუაშვილი.