საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა, ირაკლი ქარქაშაძემ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში USAID Georgia-ს მისიის ხელმძღვანელის მოადგილეს, დევიდ ჰოფმანს უმასპინძლა. აეროპორტის დათვალიერების შემდეგ ავიამიმართულებების განვითარების პროექტის პრეზენტაცია გაიმართა, რომელზეც USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერით, საერთაშორისო კონსულტანტმა იმუშავა.
პროექტის ფარგლებში მოხდა საქართველოს საავიაციო ბაზრის შეფასება, გამოვლინდა საუკეთესო პოტენციური ხუთი მიმართულება თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის აეროპორტებში და ის ძირითადი ავიაკომპანიები, რომელთაც მოლაპარაკებების პროცესში, საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ბიზნესშეთავაზებებს გაუკეთებს.