თეირანში გამართული სამიტის შემდეგ, რუსეთისა და სირიის სამხედრო ძალებმა იდლიბის პროვინციაში საჰაერო თავდასხმა განახორციელეს. მათ ოპოზიციური ძალების მიერ დაკავებულ ტერიტორიებზე 80-ზე მეტი ავიაიერიში მიიტანეს. თავდასხმის დროს, სულ მცირე ოთხი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. მათგან ორი ბავშვია. სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მსხვერპლის რიცხვი, შესაძლოა, კიდევ გაიზარდოს.
იდლიბის პროვინცია სირიაში ამბოხებულების მიერ დაკავებული უკანასკნელი ტერიტორიაა. ასადის რეჟიმი და ოფიციალური კრემლი აცხადებენ, რომ რეგიონი ექსტრემისტული დაჯგუფებების ადგილსამყოფელად იქცა. დასავლური ქვეყნები კი მიიჩნევენ, რომ ოპერაციის დაწყების შემთხვევაში, რეგიონი ჰუმანიტარული კატასტროფის რისკის ქვეშ აღმოჩნდება.