ავარიული სკოლები – შეწყვეტილი სასწავლო პროცესი
ქვეყნის მასშტაბით ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების რეაბილიტაციის მიუხედავად, ისევ რჩება სკოლები, სადაც ვითარება რთულია.
სარემონტო სამუშაოების გაჭიანურების თუ სხვა მიზეზით ათეულობით სკოლაში სასწავლო პროცესი დისტანციურად მიმდინარეობს ან მოსწავლეები სხვა სკოლებში არიან განაწილებული. დანგრევის საფრთხის წინაშეა მთაწმინდის რაიონში მდებარე 21-ე საჯარო სკოლა. ყოფილი გერმანული სკოლის მოსწავლეებს საკლასო ოთახები დაატოვებინეს. მიზეზი სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნაა, რომლის მიხედვითაც შენობა სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველია და დემონტაჟი აუცილებელია. სასწავლო პროცესის შეწყვეტას ხმაური მოჰყვა. 21-ე სკოლის წინ მოსწავლეებმა და მათმა მშობლებმა აქცია გამართეს. დემონტაჟის შემთხვევაში შეკრებილები პედკოლექტივის შენარჩუნებას და ალტერნატიული შენობის გამოყოფას ითხოვენ. სასკოლო ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებულ პრობლემებს ეხმაურება პრემიერი. ირაკლი კობახიძე სკოლების რეაბილიტაციის პროცესის და არსებული პრობლემების დაჩქარებული ტემპით მოგვარებას აანონსებს.