აუდიტის დასკვნა ჭადრაკის ფედერაციის შესახებ

ჭადრაკის ფედერაციამ 900 ათას ლარზე მეტი სამთავრობო კომისიისა და სამინისტროს ნებართვის გარეშე გახარჯა, რაზეც აუდიტის სამსახურმა დასკვნა გამოაქვეყნა. ანგარიშში ნათქვამია, რომ ჭადრაკის ფედერაციის ამ ქმედების გამო, საბიუჯეტო სახსრების არაეფექტიანი ხარჯვის რისკები წარმოიშვა. ანგარიში 2017-2019 წლებს მოიცავს. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ხელშეკრულებით არ არის იდენტიფიცირებული და შედეგად, გაუმჭვირვალეა ფედერაციის მხრიდან საერთაშორისო ჭადრაკის ფედერაციის წინაშე ნაკისრი ფულადი ვალდებულებების განსაზღვრის საფუძვლები.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა დარღვევები აღმოაჩინა შესყიდვების ნაწილშიც, რომელსაც 2017-2019 წლებში საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია ახორციელებდა. ჭადრაკის ფედერაციას აღნიშნულ დასკვნაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.