აშშ-ში FARA-ს კანონი მკაცრდება
უცხოური გავლენის გამჭვირვალობის მოთხოვნა პოლიტიკურ პროცესებში – აშშ-ში 1930-იანი წლებიდან მოქმედი კანონი შესაძლოა, კიდევ უფრო გამკაცრდეს.
საუბარია უცხოელ აგენტთა რეგისტრაციის აქტზე, რომლის ქართული ანალოგი ერთი წლის წინ მწვავე პროტესტის ფონზე მიიღეს. კონგრესში ინიცირებული კანონპროექტი იმ სუბიექტების ჩამონათვალის გაფართოებას ითვალისწინებს, რომლებსაც კანონი აგენტთა აქტში დარეგისტრირებას ავალდებულებს. მიზანი პოლიტიკურ პროცესებზე უცხო ძალების ინტერესთა მეტი კონტროლი და ამერიკის პოლიტიკაზე უცხოური გავლენების აღკვეთაა. ინიცირებულ პროექტს დროში ემთხვევა აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის გაფრთხილებაც. უწყება მიმართავს ყველა იმ ფიზიკურ პირს, რომლებიც ამერიკაში უცხო ქვეყნის მთავრობის ან უცხოური სუბიექტის მითითებით მოქმედებენ. მოწოდებაა, რომ ყველა მათგანი უცხოელ აგენტად დარეგისტრირდეს. ამ ბოლო მოვლენებმა საქართველოში კიდევ ერთხელ გაააქტიურა ოპოზიციის და მესამე სექტორის წინააღმდეგობის ფონზე დამტკიცებული ფარას ქართული ანალოგის საჭიროების საკითხი. სწორედ ამერიკის წინა ადმინისტრაცია იყო საქართველოში მიღებული კანონის ერთ-ერთი აქტიური კრიტიკოსი, მოქმედი ადმინისტრაცია კი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის მიმართულებით მკაცრ მიდგომებს ავლენს. რამდენად სწორი იყო საქართველოში მსგავსი რეგულაციების ამოქმედება – ამ თემაზე ქართული პოლიტიკური სპექტრი ისევ ვერ თანხმდება. ამერიკული კანონის ზუსტი ანალოგის მიღების მიუხედავად, ხელისუფლების ოპონენტებს აშშ-თან პარალელის გავლება და იქ არსებული სიტუაციის ქართულ რეალობასთან შედარება არარელევანტურად მიაჩნია.