აშშ-ის სანქციები ირანის წინააღმდეგ - სიაში ექვსი პირი და სამი კომპანია მოხვდა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანში ექვს პირსა და სამ კომპანიას სანქციები დაუწესა. როგორც სახაზინო დეპარტამენტის განცხადებაშია ნათქვამი, ისინი ირანის ისლამური რევოლუციის მცველთა კორპუსთან არიან კავშირში.

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მდივნის სტივენ მნუჩინის თქმით, სანქციები შეეხო მათ, ვინც მილიონობით ამერიკულ დოლარს რიცხავდა ამ ჯგუფის დასაფინანსებლად.

ირანის ისლამური რევოლუციის მცველთა კორპუსის დახმარებაში ამერიკის შეერთებული შტატები ბრალს ირანის ცენტრალურ ბანკსაც სდებს. სახაზინო დეპარტამენტი არ ავრცელებს კონკრეტული პირების სახელებს, თუმცა მათი ინფორმაციით, ყველა მათგანი ირანელია.