აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში ქართულ პოლიტიკურ სპექტრში შეაფასეს

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში ყურადღება საქართველოში დემოკრატიული განვითარების პროცესს, ადამიანის უფლებათა მდგომარეობას და ხარვეზებს ეთმობა. დოკუმენტში არჩევნები და წინასაარჩევნო გარემო დადებითად არის შეფასებული. ანგარიშში ასევე მოხვდა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქმე.

სახელმწიფო დეპარტამენტი წერს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და თავად მუხთარლის ოჯახის წევრების მტკიცებით, მის გატაცებაში საქართველოს სახელმწიფო სამსახურის წევრები უკანონოდ მონაწილეობდნენ. კრიტიკული ნაწილი ეთმობა მედიაგარემოს, სადაც აღნიშნულია, რომ სამი ტელეკომპანიის „იმედის“, „მაესტროსა“ და „ჯი-დი-ეს“-ის გაერთიანებამ, ასევე საზოგადოებრივ მაუწყებელში მენეჯმენტის ცვლილებამ, შესაძლოა, მედიაპლურალიზმს საფრთხე შეუქმნას.

ინფორმაციის მთავარ წყაროდ დოკუმენტში ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებია გამოყენებული. ანგარიშში ყველაზე დიდი ნაწილი ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე მდგომარეობას ეთმობა. დოკუმენტის თანახმად, რუსეთის ჯარი საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ  განაგრძობს მავთულხლართების გაბმას, სეპარატისტული რეჟიმის მხრიდან კი ეთნიკური ქართველების უფლებების შემლახველი არაერთი ფაქტი ფიქსირდება.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში ხელისუფლების და ოპოზიციის წარმომადგენლებმა შეაფასეს. “ევროპული საქართველოს” წევრი გიორგი კანდელაკი აცხადებს, რომ ანგარიში ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკულია, რაც კი აქამდე გამოქვეყნებულა. განსხვავებული პოზიცია აქვს უმრავლესობის ლიდერს, რომელიც ამბობს, რომ დოკუმენტი უმეტესად პოზიტიურია.

სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში “ნაციონალურმა მოძრაობამაც” შეაფასა.